logo
ENG



"შევასწავლით კარატეს" - ნინოწმინდის პანსიონში კარატეს სკოლის 50 მოსწავლე მიიყვანეს

12 ივნ 202115:45
3 წუთის საკითხავი
 

პატრიოტთა ალიანსმა კიოკუშინ კარატეს ფედერაციასთან ერთად ნინოწმინდის პანსიონში 50-მდე ბავშვი მიიყვანა.

პანსიონში მივიდა პარტიის წევრი, გიორგი ლომია. ასევე, ადგილზე არიან კიოკუშინ კარატეს ფედერაციის წარმომადგენლები. 

ისინი მთავარეპისკოპოს სპირიდონს, რომელიც პანსიონს მართავს და რომელსაც, პანსიონის აღმზრდელებთან ერთად, ბავშვებზე ძალადობაში ადანაშაულებენ, სოლიდარობას უცხადებენ. 

კიოკუშინ კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელი, გოჩა კაკაბაძე ამბობს, რომ ბავშვები პანსიონში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩებიან და პანსიონში მცხოვრებლებს კარატეს სწავლაში დაეხმარებიან. 

"ბავშვებს ჩამოვუტანეთ კიმონოებიც. შევასწავლით მათ კარატეს". - ამბობს კაკაბაძე. 

კითხვაზე, ვის უნდა ასწავლონ კარატე, როცა ბავშვები პანსიონიდან ეტაპობრივად გაჰყავთ, მან თქვა: 

"ვასწავლით იმათ, ვინც არიან". 

კაკაბაძისვე თქმით, პანსიონში ძალადობის არც ერთი ფაქტი დადასტურებული არ არის: 

"ამბობენ - ასე ამბობენ ყველაფერზე. სინამდვილეში არაფერი ამდაგვარი რა ხდება, არავითარი ძალადობა აქ არ არის. ბავშვები სწავლობენ ქრისტიანობას. ჩამოვიყვანეთ ჩვენი მოსწავლეები. შევასწავლით კარატეს. საერთოდ გვინდა, ჯგუფი გავხსნათ აქ". - თქვა გოჩა კაკაბაძემ. 

"ქალბატონ ირმა ინაშვილის გადაცემაში უკვე გავიდა გადაცემა პანსიონის შესახებ. ამის შემდეგ გაუჩნდა აზრი ბატონ გოჩას აქ ბავშვების მოყვანის შესახებ. დაგვიკავშირდნენ ჩვენ. ბუნებრივია, ჩვენ დავაკონტაქტეთ პანსიონატის ხელმძღვანელობასთან და შემდეგ ჩამოვიდნენ აქ". - ამბობს გია ლომია. 

მისივე თქმით, სახალხო დამცველი "ლაპარაკობს ჭორებზე და არა ფაქტებზე". 

8 ივნისის მდგომარეობით, პანსიონიდან 24 ბავშვი გაიყვანეს, ადგილზე რჩება 29 არასრულწლოვანი. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

სარჩელი სასამართლოში ორგანიზაცია PHR-მა შეიტანა. მათი განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით, ბავშვის უფლებებზე დავა მხოლოდ კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ბავშვი შშმ პირია. სწორედ ამ კანონის საფუძველზე მიმართა სასამართლოს PHR-მა

და შესაბამისად, მოსამართლემ დააკმაყოფილა საჩივრის ის ნაწილი, რომლის დაკმაყოფილებაც კანონით შეეძლო. 

თუმცა, ორგანიზაციისვე განმარტებით, "სასამართლომ თავის განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან ჩვენი ორგანიზაცია არის სპეციალური მოსარჩელე შშმ ბავშვებისთვის, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კანონი, ამიტომ სწორედ შშმ ბავშვები უნდა გავიდნენ პანსიონიდან. მაგრამ მთელი სასამართლო გადაწყვეტილება ეხება იმას, რომ იქ არის საფრთხე ყველა ბავშვისთვის. ყველა ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ტექნიკური დეტალია. ამიტომ, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ თუ იქნება ეს საფრთხე, არ შეიძლება, რომელიმე ბავშვი დავტოვოთ საფრთხეში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩვენი კანონმდებლობით სპეციალური განჩინებით მხოლოდ შშმ ბავშვების დაცვა შეგვიძლია". 

ამაზე მიუთითებს თავად მოსამართლის ჩანაწერებიც განჩინებაში, რომელშიც ვკითხულობთ:  

"ვიხელმძღვანელე რა მტკიცებულებებით, მათ შორის, თავად პანსიონატში მოთავსებული არასრულწლოვანი პირების განმარტებით, ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველყოფის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა".

"საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, აგრეთვე, იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლოში ამ ეტაპზე აღძრული არ არის სარჩელი, რომლის განხილვასაც შესაბამისი დრო ესაჭიროება, სასამართლო მიიჩნევს, რომ იზრდება იმის ალბათობა, რომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეილახოს ბავშვთა ინტერესები და მას მიადგეს მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საკითხი ეხება არასრულწლოვანთა ინტერესებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება შეექმნას საფრთხე. შესაბამისად, არ უნდა დაზარალდეს არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესი". 

დღეს, 6 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნინოწმინდის პანსიონზე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.  საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ის უნდა გასაჩივრდეს, რადგან პროცესზე შესაბამისი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

მათივე შეფასებით, "პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ". 

ორგანიზაცია პატრნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, რომლის საჩივარმაც განაპირობა სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების პანსიონიდან გაყვანის შესახებ, საპატრიარქოს პასუხობს, რომ საქართველოს კანონმდებლობით, გასაჩივრება არ აჩერებს განჩინებას დროებითი ღონისძიების შესახებ, რაც გამოსცა თბილისის საქალაქო სასამართლომ. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, პანსიონში, 57 ბავშვი ცხოვრობდა. თუმცა, მთავარეპისკოპოს სპირიდონის თქმით, მათი რაოდენობა 150-მდეა. 

ომბუდსმენის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში, რომელსაც სხალთელი ეპისკოპოსი, სპირიდონი მართავს, ბენეფიციარების მიმართ სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. კერძოდ, ‪2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება - 3 მათგანი ძალადობას ეხება (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი), ერთი - გაუპატიურებას (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).

ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

3 ივნისს ფორმულამ გავრცელა ინტერვიუ პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან, რომელიც ყვება, რომ პანსიონში ბავშვებს "რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ". მისივე თქმით, აქ "7 წლის ბავშვი ცემით შემოაკვდათ, გადააფარეს რაღაც და წაიყვანეს".

5 ივნისს კი შაბათის ფორმულას ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი, არასრულწლოვანი გოგო ამბობს, რომ პანსიონში სექსუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გოგო ყვება, რომ 15 წლის ასაკში ის გააუპატიურეს. სავარაუდო მოძალადე პანსიონში, მასთან ერთად ცხოვრობდა. მისი თქმით, შემთხვევაც სწორედ იქ მოხდა და ტერიტორიაზე ამ დროს არასრულწლოვანი ბავშვების აღმზრდელებიც იყვნენ. მისივე გადმოცემით, სავარაუდო მოძალადე მას სოციალური ქსელით ეკონტაქტებოდა, ემუქრებოდა, უთვალთვალებდა, საკუთარ მეგობრებსაც უგზავნიდა. გოგოს თქმით, ის დანითაც დაჭრეს. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. პირი, რომელსაც პანსიონატის ყოფილი ბენეფიციარი მოძალადედ ასახელებს, ახლაც თავისუფალია. 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. 

2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ ეპისკოპოსმა სპირიდონმა ომბუდსმენის წარმომადგენლების პანსიონში შეშვებაზე უარი განაცხადა. პანსიონში შესვლის საშუალება მას ამ დრომდე არ აქვს.


close დახურვა